საქართველოს კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მეთერთმეტე სეზონი B დივიზიონში „ბეთლაივის“ ტრიუმფით დასრულდა
ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაში საქართველოს კალათბურთის სამოყვარულო ლიგის 2025-2026 წლების სეზონის B დივიზიონის ფინალური შეხვედრა გაიმართა. საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაში ერთმანეთს „ბეთლაივი“ და „საქართველოს ბანკი“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი დაძაბული და თვალსასეირო სცენარით წარიმართა. ორივე გუნდმა მოედანზე ბოლო წამამდე უშეღავათო ორთაბრძოლა გამართა, თუმცა შეხვედრის საფინალო სიგნალმა „ბეთლაივის“ მინიმალური გამარჯვება დააფიქსირა — 58:57.
სეზონის საუკეთესო მოთამაშე და ჯილდოები
B დივიზიონის MVP (სეზონის საუკეთესო მოთამაშე) „ბეთლაივის“ წარმომადგენელი, ვახტანგ გოგუაძე გახდა, რომელმაც სეზონის განმავლობაში და განსაკუთრებით გადამწყვეტ შეხვედრაში გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. B დივიზიონის გამარჯვებულ გუნდს, „ბეთლაივს“, ჩემპიონის თასი, ოქროს მედლები და ფულადი პრიზი გადაეცა.
სამოყვარულო ლიგის საიუბილეო, მეთერთმეტე სეზონი ტრადიციულად მაღალი ორგანიზებულობითა და მაყურებელთა დიდი ინტერესით გამოირჩეოდა, B დივიზიონის ფინალმა კი სეზონს ღირსეული და ემოციური წერტილი დასვა.


